საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრში (Hybrid CoE).

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლებმა მინისტრს გააცნეს ცენტრის საქმიანობა და სტრუქტურა, ასევე საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებს და ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ აქტიურ და აგრესიულ მიმართულებას.
 
განხილულ იქნა ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზის, პრევენციისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა,   საქართველომ 2008 წელს გამოსცადა  რუსთის  ფედერაციის მხრიდან მასშტაბური ჰიბრიდული  შეტევა და რუსეთის ფედერაცია დღესაც განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურობას, განსაკუთრებით ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერების მიმართულებით, მან ხაზი გაუსვა ჰიბრიდული ხასიათის საფრთხეებთან ბრძოლაში ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან  კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
მისი განცხადებით საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებით საქმიანობას და უმთავრესად მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას. მინისტრმა ხაზი გაუსვა  ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას და ამ მხრივ აშშ-სთან თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას. ამ კუთხით შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრსა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. როგორც ცენტრში აღნიშნეს მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავების პროცესი, რომელიც  ნატოსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორის, აქტიურ ურთიერთობას საქართველოსთანაც.
 
ჰელსინკიში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრი (Hybrid CoE) ფინეთის ინიციატივით  2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა. Hybrid CoE წარმოადგენს ექსპერტებისგან შემდგარ საერთაშორისო  ცენტრს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეხმარება ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზში და დაცვის მექანიზმების შემუშავებაში. მის საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის 15 წევრი ქვეყანა, ნორვეგია, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.