საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებულია, როგორც ერთიანი ქვეყანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით დავით ზალკალიანი

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ხასიათის განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია. ეს არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით და არასწორ კონტექსტში  გაკეთებული განცხადებები“ - განაცხადა ზალკალიანმა.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იცნობს რეალურ სიტუაციას და ისტორიულ ფაქტებს, რაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველო მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან აღიარებულია როგორც ერთიანი, სუვერენული და ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

რაც შეეხება ისტორიულ წარსულს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე  უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებიც არგუმენტირებულად  ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია.  

„თუ კი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ისტორიკოსებმა იმსჯელონ ამაზე. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავდგათ დეესკალაციისაა და დეოკუპაციისკენ მიმართული ნაბიჯები“ - განაცხადა მინისტრმა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია არ შეცვლილა და ის მუდმივად იზრუნებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, კერძოდ,  ჟენევის ფორმატის ფარგლებში, სადაც  მუდმივად ხდება იმის დაფიქსირება რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს და ყველა ნაკისრი საერთაშორისო ნორმა და ვალდებულება უნდა შესრულდეს“.