ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო გახდა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი 2016-2018 წლების ვადით

2015 წლის 28 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო 177 ხმით არჩეულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით. საბჭოს წევრთა 2015 წლის არჩევნებში რეგიონალური პრინციპის მიხედვით გამოყოფილი იყო 18 ადგილი. საქართველო საბჭოს წევრად აირჩიეს კონკურენციის გარეშე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოსთვის, რომელიც პირველად გახდა ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი, პატივია გაეროს იმ ორგანოს წევრობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კიდევ უფრო დახვეწოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე, იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაეროში მიმდინარე პროცესებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს ყველა დანარჩენ ქვეყანას, რომელიც ასევე არჩეულ იქნა საბჭოში და მადლობას უხდის გაეროს წევრ-სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ