საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს  ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო ფინეთის რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ვიმედოვნებ, ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, ისევე როგორც, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის თაობაზე. ვებ–გვერდი აგრეთვე უზრუნველყოფს საჭირო საკონსულო ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში გამგზავრების მსურველი უცხოელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის  1992 წლის 8 ივლისს დამყარდა, ხოლო დიპლომატიური წარმომადგენლობა 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად, საქართველო და ფინეთის რესპუბლიკა მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ფინეთის რესპუბლიკა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ფინეთის სახით საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც პატარა ერებისთვის დამახასიათებელი ისტორიის და თავისუფლებისთვის ბრძოლის საერთო ღირებულებები აერთიანებს.

საქართველო ფინეთის სანდო და ღირებული პარტნიორია, რაც წლების განმავლობაში არაერთხელ დამტკიცდა ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშორისო ასპარეზსა, თუ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით და საქართველოს მიერ გაწეული დროული და ფასეული ძალისხმევით. მეტად აქტიურია კავშირები, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ხშირია მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები, რაც ხაზს უსვამს საქართველოს და ფინეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და ურთიერთნდობაზე დამყარებულ დამოკიდებულებას.

მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით დადებითი ტენდენცია იკვეთება. ვითარდება ტურიზმის მიმართულება. ფინეთის ბაზარზე მკვიდრდება ქართული ღვინო. თავის მხრივ, წამყვანი ფინური კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში. ამავე დროს, მსურს აღვნიშნო, რომ მე და ჩემი კოლეგები ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა არსებული პოტენციალი სრულად ავითვისოთ და ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტი დინამიზმი შევძინოთ.

აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ფინეთში, რომლებიც წარმატებით ემსახურებიან საკუთარ პროფესიას და წვლილი შეაქვთ ფინეთისა და საქართველოს განვითარებაში. მსურს საელჩოს სახელით მათ სრული მხარდაჭერა აღვუთქვა.

მერწმუნეთ, ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით ჩავერთოთ და წავახალისოთ ის ინიციატივები, რომლებიც ჩვენი სამშობლოს კულტურის, ტრადიციების და ღირებულებების ღირსეულად წარმოჩენას მოემსახურება და ამ კუთხით, მზად ვართ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისთვის.

კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ინტერესისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და კეთილდღეობას!