საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თეიმურაზ ჯანჯალია ფინეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

2 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია თბილისში ვიზიტად მყოფ ფინეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მატიას მარტინენი.
 
მხარეები მიესალმნენ მჭიდრო, მეგობრულ ქართულ-ფინურ ურთიერთობებს, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლის საერთო წარსულს და ერთიან ევროპულ ღირებულებებს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამაყრების 30-ე წლისთავს, რომელიც მ/წელს აღინიშნება. კმაყოფილებით აღინიშნა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
 
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პოლიტიკური დიალოგის რეგულარულ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა დაგეგმილი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, ევროპულ რეგიონულ ფორმატებთან, მათ შორის, „ნორდიულ-ბალტიური რვიანთან“ მეტად მჭიდრო  დიალოგის უზრუნველყოფას.
 
თეიმურაზ ჯანჯალიამ მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევადი ინტეგრაციის გზაზე უკვე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები. აღნიშნა საქართველოს ინტერესი, უზრუნველყოს ევროკავშირთან მეტად ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია და დარგობრივი თანამშრომლობა, მათ შორის, განახლებადი ენერგიების, გარემოს დაცვის მიმართულებით.
 
მინისტრის მოადგილემ ფინურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერის თაობაზე, მათ შორის, ჰუმანიტარული კუთხით, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს მიერ ინიცირებულ უკრაინის არაერთ მხარდამჭერ რეზოლუციასა თუ განცხადებაზე.  აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც გააგრძელებს ურყევ თანადგომას მოძმე უკრაინელი ერისადმი. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, მცოცავ ოკუპაციას. აღნიშნა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობის აუცილებლობა.
 
ფინელმა დეპუტატებმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილეს ფინეთში უსაფრთხოების პოლიტიკის თაობაზე მიმდინარე დებატებზე, მათ შორის, ქვეყნის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების კუთხით. ხაზი გაუსვეს მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებების ფონზე. აღინიშნა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით ევროპის ქვეყნების ერთიანობა და უკრაინისადმი მტკიცე თანადგომის გაგრძელება.
 
ფინურმა მხარემ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ევროპული რეფორმების დღის წესრიგისადმი.