საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფინეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ბ-ნი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით

15 ივნისს ფინეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ბ-ნი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნი ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი, ბ-ნი ჰერმან საბო, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროს, ბ-ნი ლევან მახაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ქ-ნი თამარ ყოლბაია და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი მედია/კომუნიკაციების საკითხებში, ქ-ნი გენრიეტა წიწავა. ქართული მხრიდან ოფიციალურ ვიზიტს მასპინძლობდნენ ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი ირაკლი ხუცურაული და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ბ-ნი თორნიკე ნოზაძე.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა  ფინეთის პარლამენტის სპიკერთან, ბ-ნ მატი ვანჰანენთან,  ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ქ-ნ სანა მარინთან,  გრანდ კომიტეტის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქ-ნ სატუ ჰასისთან,  ევროპის საქმეთა მინისტრთან, ქ-ნ ტუტი ტუპურაინენთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბ-ნ პეკა ჰაავისტოსთან.

შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობების საკითხები. ბ-მა შალვა პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში გატარებულ, მიდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს. ამასთან,  აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი სრულდება და რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მრავალი მიმართულებით პოზიტიურად ვითარდება.