Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჰელსინკში ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს იუჰან დამსკის შეხვდა

ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ და იუჰან დამსკიმ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  ყურადღება გამახვილდა საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოში მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელებისა და ლაბორატორიების მოდერნიზებას, ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარებას. 


„საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გაზრდილია საბიუჯეტო დაფინანსება, რაც შესაბამისად აისახა კონკრეტულ შედეგებზე, როგორც საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვის, ისე საკანონმდებლო დაახლოების და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, კერძოდ,  გარემოსდაცვითი მმართველობის, ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების მართვის, ნარჩენების მართვის, სამრეწველო ემისიების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებებით”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. 


იუჰან დამსკიმ მინისტრს მადლობა გადაუხადა ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან შთამბეჭდავი და დასაფასებელია ის რეფორმები, რასაც ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლისთვის საქართველოს ხელისუფლება ატარებს გარემოს დაცვის მიმართულებით. 


„ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ. განსაკუთრებით მახარებს ის თანამშრომლობა, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფინეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტთან დაიწყო. ფინეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში. ჩვენი სპეციალისტები საქართველოს დაეხმარებიან თანამედროვე სისტემების განვითარებაში.  ჩვენ ასევე მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, 2050 წლისთვის გახდეს კლიმატნეიტრალური ქვეყანა, რაც პასუხობს ევროკავშირის დღის წესრიგს; რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ”, - განაცხადა  იუჰან დამსკიმ.


ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.